
-min.png)
ამბობენ, ვაზი და ქართველი კაცი ერთად დაიბადნენო.
ეს იქნებ ბევრად ადრეც მოხდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცით,რომ 6000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში, ქვემო ქართლელი გლეხი ღვინოს წურავდა და დიდი ინტერესითაც აგემოვნებდა. პირველივე გასინჯვაზე მისი სული სასიამოვნო ეიფორიამ მოიცვა, მთელს სხეულში მათრობელა ნეტარება და პეპლების შრიალი იგრძნო და ფაქტია,რომ ათასწლეულების მანძილზე ეს საამური და მოუხელთებელი შეგრძნება, რასაც ღვინის დაგემოვნებისას განიცდი, დღემდე ვერ მოიშორა ქართველმა.
რას იფიქრებდა შულავრის ტერიტორიის მოსახლე ჩვენი გლეხკაცი,რომ ათასწლეულების შემდეგ, სწორედ მისი ყურძნის წიპწებისა და სამეურნეო იარაღების პოვნა სრულიად მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი რომ გახდებოდა?
ღვინის მკვლევართა აზრით ღვინის აღმოჩენა შემთხვევითობით გამოწვეული გენიალური შემთხვევა იყო, რომელიც ჭურჭლის ფსკერზე ველური ყურძნის უნებლიე გაჭყლეტით დაიწყო და ჰაერით გადატანილი საფუვრის დახმარებით, მისი ნაწილობრივი გადამუშავებით გაგრძელდა.
ფერმენტაციის სრული პროცესი კი ადამიანისთვის საუკუნეების მანძილზე ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა, რამაც ღვინოს იდუმალი და არაამქვეყნიური სასმლის რეპუტაცია მოუტანა.