top of page
ღვინის-სამშობლო-ქართველი-და-ვაზი-min.jpg
ღვინის-სამშობლო-ტ-ქართ (5)-min.png

მეცნიერების დიდი ნაწილი  კაცობრიობის ისტორიაში მევენახეობის 3 ეტაპს გამოყოფს,ესენია :  მაღლარი – როცა ვაზი ხეზეა მიშვებული და ადამიანი თითქმის არ ერევა მის ყოფაში ოლიხნარი _  როცა ვაზი უკვე მაღალ სარზე, ან დაბალ ხეზე გაშვებით მოვიშინაურეთ დაბლარი _ მევენახეობის ინტენსიური ფორმა, როცა ადამიანისა და ვაზის არსებობა სამუდამოდ გადაიხლართა ერთმანეთზე ზრუნვასა და მოვლა-პატრონობაში

ჩვენი ქვეყნის ვენახებს თუ დაივლი, მევენახეობის სამივე ფორმას იოლად იცნობ და ისეთი განცდა დაგეუფლება, თითქოს ისტორიის წიგნში იყურები.

აბა წარმოიდგინეთ, მსოფლიოში არსებული ვაზის 4000 ჯიშიდან, მარტო ჩვენს პატარა მიწაზე, რომლის ფართობი 70 000 კვადრატული კილომეტრია, 500-მდე ადგილობრივი ჯიშის ვაზი მოდის, მათი დიდი ნაწილი კი ენდემურია _ მხოლოდ ჩვენს ნაკურთხ მიწაზე იძლევა გემრიელ ნაყოფს, _ კაცი იფიქრებს საქართველოში ყოველ სოფელსა და ფერდობს საკუთარი ვაზი აქვსო და მართალიც იქნება.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავლად გვხვდება ვაზის ჩვენგან გავრცელებული ჯიშები. მაგალითად :

 

  • იტალიური „დიგიტელა“  ქართული „თითა“-ს ნახევარძმაა

  • ბერძნული „ალოპექსი“ - ქართული „მელისკუდა“-ს ორეული

  • გერმანული „oschsenange“ კი იგივეა, რაც ჩვენი „ხარისთვალა“

დასასრულ, ვაზზე კიდევ რამდენიმე საგულისხმო ამბავსაც გეტყვით.

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ჩვენს ენაში ვაზის ლერწის მარტო 7 განსხვავებული დასახელება არსებობს. ლეგენდის თანახმად კი ქართველი მეომარი ბრძოლაში წელზე „ვაზისკალამშებმული“ მიდიოდა, რომ მისი დაკრძალვის ადგილას ვაზის ერთ ძირს მაინც გაეხარა. 

 

გარდა ზემოთქმულისა, ვაზს ოდითგანვე ჰქონდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო დანიშნულება, რაზეც მეტყველებს „მღვიმევის“, „ოცინდალესა“ და „ქორეისუბნის“ ტაძრების კარები, რომელიც სწორედ ვაზის ღეროსგანაა დამზადებული.

განა შემთხვევითია, რომ სწორედ ვაზის ჯვრით ხელში „მოდიოდა ნინო მთებით“ ჩვენი ხალხის „მოსაქცევად“ და გასაქრისტიანებლად და ქართული საგალობლების მშვენებას, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სადიდებელს _  „შენ ხარ ვენახი“ ჰქვია ?!

ღვინო და ვაზი, სხვა ყველაფერთან ერთად, ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის ერთიანობისა და თანასწორობის სიმბოლოც. ქართველებს ყველაზე კარგად ღვინის სმა გვაერთიანებდა, ქართული სუფრა კი თავისი ფორმითა და შინაარსით დემოკრატიულ ღირებულებებზე შექმნილი და ამ პრინციპების ცხოვრებაში დამნერგავ-გამტარებელი სისტემაა, სადაც ადამიანები აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყოველთვის უსმენდნენ ერთმანეთს, თუმცა ,  თავის სიტყვაში ყველა ბოლომდე დამოუკიდებელი რჩებოდა.

ალბათ ამიტომ თუ იყო,  რომ საუკუნეების მანძილზე დამპყრობელი ერები ჯერ ვაზს აუჩეხავდნენ ქართველ გლეხს,  _ მათი ერთობა, განწყობა და ფსიქოლოგია რომ გაეტეხათ, რადგან გატეხილი კაცი ომში იოლად მარცხდება.

საუკუნეების მანძილზე სწორედ ვაზმა გადაგვარჩინა და არ დაგვაჩოქა ქართველები და ლოგიკურია, რომ სწორედ ღვინო და ვაზია ის, რის წინაშეც ქართველს დაჩოქების არ ერიდება.

bottom of page